"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტის წარდგენას პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიური პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს უკეთ აზღვევს, ვიდრე უკრაინული, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ერთი კონკრეტული კანონით დეოლიგარქიზაციის დამარცხების იმედი არ აქვთ.“ნაციონალურ მოძრაობაში” კი მიიჩნევენ, რომ რეალური პრობლემები მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ კანონპროექტშია ასახული, უკრაინული მოდელი კი საქართველოს რეალობას საგრძნობლად სცდება.
საწინააღმდეგო აზრზეა მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დავით კეზერაშვილის დაცვისკენ არის მიმართული და სამართლებრივ ნორმებთან კავშირი არ აქვს.