CNN-თან ინტერვიუში ოსკაროსანი რეჟისორი და სცენარისტი კვენტინ ტარანტინო ამბობს, რომ მისი შემდეგი ფილმი სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება და ამით კარიერას დაასრულებს. ის, თუ რის შესახებ იქნება ფილმი, მან ჯერ არ იცის. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ აპირებს კინოინდუსტრიის დატოვებას, მან უპასუხა, რომ საქმეს 30 წელი მიუძღვნა და მისი შეჯამების დრო დადგა.
"ჩემი საქმე ადამიანების გართობაა. ამ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია, მაყურებელზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვო, რომ შენგან მუდმივად მეტი უნდოდეთ. არ მინდა ის მოხუცი, ყავლგასული რეჟისორი ვიყო, რომელიც რეალობის შეგრძნებას კარგავს და მისი ფილმების ხარისხიც ეცემა. როგორც წესი, ყოველთვის ასე ხდება". - ამბობს ის.
კვენტინ ტარანტინო ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობია. კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ფილმებია: მაკულატურა(1994), უსახელო ნაბიჭვრები(2009), ჯანგო გათავისუფლებული(2012), მოკალი ბილი(2003, 2004), ერთხელ ჰოლივუდში(2019).
ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA, ოქროს პალმის რტო, არის ემისა და გრემის ჯილდოების ნომინანტი.