მმართველ უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციას.
შესაბამისი კითხვის პასუხად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი უკრაინის პარლამენტს ჰქონდა გაგზავნილი, ქართული კანონი უკრაინულის ანალოგიურია და ახლახან გახდა ცნობილი, რომ უკრაინულმა მხარემ მის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიიდან უკან გაიწვია.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებოდით დასკვნას ქართული მოდელის ანალოგიურ უკრაინულ მოდელზე. ახლახან აშშ-ს ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ პროექტი უკრაინულ მხარეს გაუწვევია, რაც სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩს არ უთქვამს. ჩვენ ეს ინფორმაცია აშშ-ს ელჩისგან მივიღეთ. ფაქტია, რომ ამ კანონპროექტზე ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებმა ძალიან მაღალი დასკვნა გააკეთეს. “თამამი ნაბიჯი“ - ასე შეაფასა ევროკომისარმა უკრაინული კანონპროექტი, რითაც ყველაფერი ნათქვამია. უკრაინულ მხარეს მის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის ვალდებულებაც კი მიეცა მაშინ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ქართულმა მხარემ უკრაინული კანონპროექტის ანალოგიური პროექტი მიიღო, რათა დამატებითი პოლიტიკური ინსინუაცია არ გაჩენილიყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.