ევროპაში აზერბაიჯანული გაზის საქესპორტო მოცულობები იზრდება. კომერციული ოპერირების დაწყებიდან დღემდე, რაც დაახლოებით ორწლიან პერიოდს მოიცავს, ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) გავლით ევროპაში ექსპორტირებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობამ 18 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. ამის შესახებ მილსადენის კომპანია TAP AG-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის ცნობით, „კომერციული ოპერირების დაწყებიდან TAP-ით 18 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში უსაფრთხოდ იქნა ტრასპორტირებული.“ ამასთან, ოპერატორი კომპანია იუწყება, რომ TAP-ის სიმძლავრე შესალოა, ეტაპობრივად გაორმაგდეს, „რომ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში დამატებითი წვლილი შეიტანოს.“ 2021 წელს აზერბაიჯანმა მთლიანობაში 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.
ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრიდან ევროპაში, კერძოდ იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება პირველად დაიწყო, რომლის მოცულობამ 2021 წელს 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს ექსპორტის მოცულობა 22-23 მილიარდი კუბური მეტრით, მათ შორის ევროპაში 11,5 მილიარდი კუბური მეტრით არის პროგნოზირებული.