საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების კი - გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა თითქმის 91 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი, თურქეთი, თურქმენეთი და რუსეთი.
შეგეხსენებთ რომ სანავთობო ბიტუმი ძირითადად გზების მშენებლობისთვის გამოიყენება და საქართველოში მისი წარმოება არ ხდება. ახლა რაც შეეხება გათხევადებული აირების იგივე LPG-ის იმპორტს, იანვარ-ოქტომბერში მისმა მოცულოვამ 33,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების იმპორტის 99,4% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.