მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა სენეგალს 2:0 სძლია.
მატჩი დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, სენეგალი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა და ნიდერლანდელთა გუნდის მწვრთნელმა ვან გაალმა შეტევის გასაძლიერებლად 63-ე წუთზე შეცვლაზე დეპაი შეუშვა, რომელსაც ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ აფრიკული გუნდის მეკარე მენდის დაშვებული შეცდომებით გაკპომ და კლასენმა ისარგებლეს და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა, ეს გუნდი დაუმარცხებელია და 16 მატჩიდან 12 მოგება და 4 ფრე აქვს.
ამ ჯგუფში 3-3 ქულით ლიდერები ეკვადორი და ნიდერლანდები არიან. 25 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება: სენეგალი კატარს, ნიდერლანდები კი ეკვადორს დაუპირისპირდება.