მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში ინგლისმა ირანი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2 დაამარცხა.
მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო, უპირატესობას თავიდანვე ინგლისის ნაკრები დაეუფლა. 35-ე წუთზე ლუკ შოუს ჩაწოდებული ბურთი ჯუდ ბელინგემმა კარში გადაგზავნა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდმა შეტევაში აქტიურად თამაში განაგრძო და 42-ე წუთზე ბუკაიო საკამ ულამაზესი გოლი გაიტანა. რაჰიმ სტერლინგმა პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა. ირანელთა მეკარის ალირეზა ბეირანვანდის ტრავმის გამო, არბიტრმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.
მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა. 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ საჯარიმოში ჩინებულად იმოქმედა და ეფექტური გოლით შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა.
65-ე წუთზე ირანის ნაკრების ფორვარდმა მეჰდი ტარემმა ახლო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით პიკფორდს შანსი არ დაუტოვა და პრესტიჟის გოლიც გაიტანა.
მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში, მარკუს რაშფორდმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ლამაზი კომბინაცია თავადვე დაასრულა.
90-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა კალუმ ვილსონის პასით ისარგებლა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მატჩის 101-ე წუთზე არბიტრმა ინგლისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად მეჰდი ტარემიმ აქცია და "პორტოს" ფორვარდმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.