ინდონეზიის კუნძულ იავაზე 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
იავას დასავლეთ ნაწილის გუბერნატორის, რიდვან კამილის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.
ამასთან, სტიქიის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება.
მაშველები და მოხალისეები მუშაობას განაგრძობენ და ეძებენ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, შენობების ნანგრევების ქვეშ იყვნენ ჩარჩენილი.
მიწისძვრა იავას დასავლეთ ნაწილში ჩიანჯურის ქალაქთან ახლოს გუშინ მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 100 კილომეტრშია.