საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.
სხდომა 28 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. თავად სააკაშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი ოქმის მიხედვით, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესზე დასწრებაზე, ასევე, სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.