ოქტომბერში, თბილისში ბინები გაძვირდა. "თიბისი კაპიტალმა" დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, დედაქალაქში, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 1 037$-ს აღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთაწმინდაზე ბინებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, საცხოვრებელი ქონება ოქტომბერში ყველაზე მეტად 38%-ით სწორედ მთაწმინდაზე გაძვირდა, ფასების ზრდის მიხედვით მეორე ადგილს 35%-იანი გაძვირებით საბურთალო იკავებს. ამასთან, ოქტომბერში ვაკეში 49%-ით მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, გლდანში - 45%-ით გაიზარდა ბინების გაყიდვები, საბურთალოს რაიონში კი ბინების გაყიდვების 30%-იანი ზრდა ფიქსირდება.აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ახალი გარემონტებული ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 300$-ს მიაღწია, მწვანე კარკასის შემთხვევაში - 1 124$, თეთრი კარკასი - 970$, შავი კარკასი - 962$ დოლარის ფარგლებშია, ხოლო ძველი გარემონტებული ბინების ფასი 1 კვადრატული მეტრზე - 912$-ს შეადგენს