ამჟამად ჩინეთში 50-მდე ქალაქი - მოჩვენებაა. თუ ფიქრობთ, რომ მოსახლეობამ ეს ქალაქები სტიქიური ან სხვა ტიპის კატასტროფების დროს დატოვა, ცდებით. ეს ახლად აშენებული სახლებია, რომლებშიც არასდროს არავის უცხოვრია.
წარმოიდგინეთ სრულიად ცარიელი საცხოვრებელი კომპლექსები, ლამაზი ვილები, პენტჰაუსები და დუპლექსები კეთილმოწყობილი პარკებითა და ეზოებით, ხელუხლებელი ლიფტები და რაც მთავარია, ბინები, რომლებშიც არავინ ცხოვრობს. ქვეყანაში მილიონობით ცარიელი შენობაა და ეს ყველაფერი აპოკალიფსის შესახებ გადაღებული ფილმის სიუჟეტს წააგავს.
როგორ იქცა ჩინეთი მოჩვენებათა ქალაქების ქვეყნად?
ოდესღაც ჩინეთში უძრავ ქონებაში ინვესტირება უსაფრთხოდ და მოგებიანად ითვლებოდა. ინვესტიციებს ჩინეთის მთავრობაც ხელს უწყობდა, რადგან უძრავი ქონების ბაზარი ათწლეულების მანძილზე ქვეყნის სიმდიდრისა და კეთილდღეობის ზრდის მთავარი ფაქტორი იყო.
ამასთან, ჩინეთის კონსტიტუციის თანახმად, მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ, სახლის აშენებამდე მშენებლები მიწის ნაკვეთს მთავრობისგან იჯარით იღებდნენ და ფული ხაზინაში შეჰქონდათ.
ჩინეთში უძრავი ქონების განვითარების მასშტაბზე მშრალი ფაქტებიც მეტყველებს: შეერთებული შტატების მიერ მე-20 საუკუნეში გამოყენებული ბეტონის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩინეთმა სამ წელიწადში (2010 - 2013 წ) გამოიყენა.
საბინაო მშენებლობის ბუმმა, რომელიც ჩინეთში უკვე წლების მანძილზე გრძელდება, საბოლოოდ, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გამოიწვია. რიგი ფაქტორებისა და მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შენელების გამო, ბინებზე მოთხოვნა შემცირდა. ამასთან, უძრავი ქონების მიმართ მოსახლეობის უდიდესმა ინტერესმა ჩინეთში ბინის მესაკუთრეთა რიცხვის ზრდა და მთავრობაში სიმდიდრის მუდმივი შემოდინება გამოიწვია. საბოლოოდ კი ყველაფერი უკონტროლოდ მზარდი ურბანიზაციითა და ქალაქ-მოჩვენებების გამრავლებით დასრულდა.
წარმოიდგინეთ, თუ ევროპასა და აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი სახლი შენდება, ჩინეთი ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ საცხოვრებელ სახლს აშენებს. ჩინელების უმეტესობა უკვე ფლობს უძრავ ქონებას, მაგრამ ახალ ბინებს ინვესტიციის სახით ყიდულობს.
ექსპერტების აზრით, მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გამო ეს სახლები, შენობები, უბნები და მთელი ქალაქებიც კი წლების მანძილზე ცარიელი რჩება.