მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.
„უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია“, -აცხადებს გელბახიანი.
კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა - ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი, გელბახიანი ასე პასუხობს: „ასეთი მონაცემები არის, მაგრამ ამაზე დეტალურად ბრიფინგი გვექნება“, -აღნიშნა გელბახიანმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა დროიდან არის მოწამლული მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ყოფნის დროს თუ ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გელბახიანი განმარტავს, რომ ამას გამოძიება სჭირდება და დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც ორ დღეში ჩატარდება.
„ყველა დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს შეიძლება ამ მოწამვლით იყოს გამოწვეული. თვითონ ინფორმირებულია, დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მოწამლული იყო. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა მისი დაავადებები“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.