ჩრდილოეთ კორეამ დღეს, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რაკეტას 15000 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეეძლო. Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ რაკეტას საკმარისი დიაპაზონი აქვს იმისთვის, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიას მიაღწიოს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დღეს, ტაილანდში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებს შეხვდება და ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების საკითხს განიხილავს.