საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" დასკვნა მზად არის, რომელიც უცხოელ ექსპერტებს გადაეცემათ.
როგორც ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს.
„დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზი მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზი, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, - წერს ჯიშკარიანი.