იაპონიაში წლიურმა საბაზო ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია. ინფლაციის დონის ზრდა, უმეტესწილად, რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტითა და მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაძვირებული სურსათითა და ენერგოპროდუქტებითაა განპირობებული.
გარდა ინფლაციის დონის ზრდისა, ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშეც დგას. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა, რაც ეკონომისტებისა და ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყო. ინფლაციის დონის ზრდისა და ეროვნული ვალუტის 30%-ით გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს. ნაცვლად ამისა, ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების სტრატეგია აირჩია. მაგალითად, ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე თითქმის 43 მილიარდი დოლარი დახარჯა, რითაც ეროვნული ვალუტის მხოლოდ 1.5%-ით გამყარება მოახერხა.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია.