საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. საქსტატმა დღეს სამუშაო ძალის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს შეადგინა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში უმუშევრად სულ 250 ათას 700 ათასი ადამიანი ითვლება. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასით ნაკლებია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა თითქმის 914 ათასით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 19%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7, ხოლო უშუალოდ დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. საგულისხმოა, რომ დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.