18 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საინტერპელაციო დროდ სამი საათი განისაზღვრა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრთან საკმაოდ მწვავე და საქმიანი კითხვები ექნებათ, რომელიც ძირითადად ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესს შეეხება. ხელისუფლების ლიდერების თქმით კი 12 პუნქტიანი რეკომენდაციის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საქართველოს პარლამენტია და პოლემიკა გაიმართება იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ოპოზიციის რიტორიკა. ხვალ ინტერპელაციის წესით, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსაც მოუსმენენ.