ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენ პროვაიდერს მიმართა კომისიამ 2017 წლიდან დღემდე ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის მიზნით.
როგორც კვლევიდან ჩანს, ამ პერიოდში კომისიამ ვებ-გვერდების დაბლოკვის შესახებ, 65 მიმართვა გაუგზავნა პროვაიდერებს. ჯამში კი კომისიისგან მოთხოვნილი იყო 480 ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2017 წელს კომისიას არც ერთი ვებ-გვერდის დაბლოკვა არ მოუთხოვია. საიტების დაბლოკვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მიმდინარე წლის პირველ 9 თვეზე მოდის. დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციას ეხება. დანარჩენ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი სხვა პროდუქციისა და პორნოგრაფიის გავრცელებას.
აღსანიშანავის, რომ ყველაზე ხშირად კომისიას მიმართავდნენ სახელმწიფო ორგანოები, შემდეგ - იურიდიული პირები და ბოლო ადგილზეა ფიზიკური პირები. IDFI წერს, რომ თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ის ინტერნეტგვერდები, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი მხოლოდ 55%-ია.
„ასეთმა მაჩვენებელმა და დაბლოკვისთვის თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის“,- ნათქვამია კვლევაში.