უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე სისხლის სამართლის 436 საქმე აღძრეს. გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ.