ჯგუფ Doors-ის ვოკალისტმა ჯიმ მორისონმა, რომელიც დღესაც ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ ფრონტმენად ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში, პირველ რიგში თავისი ლირიკითა და სახასიათო ხმით, ეპატაჟური ქცევითა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ცხოვრებით გაითქვა სახელი.
* მოზარდი ინტელექტუალი -
ჯიმმა საკმაოდ ადრე - 11-12 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, როცა არც მუსიკით ინტერესდებოდა, არც მუსიკოსობით, თუმცა ინტენსიურად და ნებისმიერ ლიტერატურას კითხულობდა, რაც ხელში მოხვდებოდა. განსაკუთრებული გავლენა მოზარდ მორისონზე არტურ რამბომ და ფრანგმა ეგზისტენციალისტებმა, ამერიკელმა ბიტნიკებმა - ჯეკ კერუაკმა, ალენ გინზბერგმა და ლოურენს ფერლინგეტმა, ფრიდრიჰ ნიცშემ და მისმა მსჯელობამ მოახდინა აპოლონიურ და დიონისურ საწყისზე ხელოვნებაში.
„ჯიმი მართლაც ძალიან ბევრს, კლასის ნებისმიერ მოსწავლეზე მეტს კითხულობდა, თუმცა მისი წიგნები იმდენად უცხო და უჩვეულო იყო, ხშირად კონგრესის ბიბლიოთეკაშიც კი ვამოწმებდი, რადგან ეჭვი მეპარებოდა მათ არსებობაში. მეგონა, ჯიმი უბრალოდ იგონებდა უცნაურ სახელწოდებებს, რადგან ნაშრომები მე-16-17 საუკუნის ინგლისურ დემონოლოგიაზე მანამდე არასდროს გამეგო“, - გაიხსენა მორისონის სკოლის მასწავლებელმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი ერუდიციით.
აღსანიშნავია, რომ მოზარდობის ასაკში მორისონი მართლაც ძალიან მაღალი ინტელექტის კოეფიციენტით გამორჩეოდა. ზოგადად, 110-119 - ინტელექტის საშუალო დონეზე მიანიშნებს, 120-129 - მაღალ დონეს ნიშნავს, ჯიმის IQ კი - 149-ს შეადგენდა.
* The Doors –
კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას მორისონმა რეი მანზარეკი გაიცნო, რომელსაც ჯგუფის შექმნა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ სახელი კოლექტივმა, რომელსაც მოგვიანებით ჯონ დესმორი და რობი კრიგერი შეუერთდნენ ოლდოს ჰაქსლის წიგნის „აღქმის კარის“ (The Doors of Perception) წყალობით შეიძინა.
ხანმოკლე, თუმცა შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე Doors-მა ცხრა სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან სამმა ოქროს სერტიფიკატი დაიმსახურა. მართალია, ბევრი Doors-ს 1960-იანი წლების ყველაზე პირქუშ და რადიკალურ ჯგუფად მიიჩნევდა, მათ ალბომებს კი, „შიზოფრენულ ბოდვას“ უწოდებდა, მაგრამ Doors-ის მუსიკამ ათწლეულებს გაუძლო და დღემდე შეინარჩუნა აქტუალურობა.
* The Lizard King –
„ხვლიკების მეფის“ ფსევდონიმი მორისონმა პირველად ლექსში The Celebration of the Lizard გამოიყენა, რომელსაც მოგვიანებით მუსიკა დაუდო ფონად. ქვეწარმავლებით ჯიმი ბავშვობაში დაინტერესდა, როცა 1955 წელს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკში გადაბარგებული მორისონები უდაბნოსთან ახლოს დასახლდნენ. ჯიმი მთელ თავისუფალ დროს უდაბნოში, ხვლიკებზე დაკვირვებაში ატარებდა და ისე მოიხიბლა მათი ცხოვრების წესით, რომ საკუთარ ტოტემად აქცია.
* Blue Lady –
სინგლის Light My Fire-ს წარმატების აღსანიშნად ჯიმმა ფორდ მუსტანგი Shelby GT 500 შეიძინა, რომელსაც „ცისფერი ქალბატონი“ დაარქვა. თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი მორისონი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ბალანსირებდა, ყოველთვის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და ერთგვარ ექსტრემალურ გასართობს უწყობდა მეგობრებს, როცა მთელი სიჩქარით ეშვებოდა მალჰოლანდ-დრაივიდან და შემხვედრ ზოლზე მოძრაობდა.
* The End –
მართალია, Doors-ის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული კომპოზიცია The End, მორისონმა საყვარელ ქალთან დაშორების შემდეგ დაწერა, მაგრამ მოგვიანებით სიმღერამ სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია შეიძინა, „ვფიქრობ, კომპოზიცია საკმაოდ რთული, თუმცა უნივერსალურია და ბავშვობასთან დამშვიდობებას უფრო ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ ადამიანთან“, - აღნიშნა მორისონმა, რასაც რეი მანზარეკის განმარტება მოჰყვა, „ჯიმმა როკ’ნ’როლის ჟღერადობა შესძინა მეტად აქტუალურ ოიდიპოსის კომპლექსს ფროიდის ფსიქოანალიზიდან, მან მხოლოდ ბერძნული დრამა გაითამაშა და ერთგვარი სცენა დადგა, პუბლიკამ კი, ის გაიგო, რაც თვითონ უნდოდა“.
* ეპატაჟი -
მორისონი სულ მცირე 10-ჯერ დააპატიმრა პოლიციამ ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ამორალური ქცევისა და არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისთვის. ამასთანავე, მორისონი პირველი მუსიკოსია, ვინც პირდაპირ სცენაზე დააკავეს სამართალდამცავებმა 1967 წლის 9 დეკემბერს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ ჰეივენში მოწყობილ კონცერტზე.
* ადამიანი მომავლის გარეშე -
მორისონის მეგობრის ბეიბ ჰეილის განცხადებით, მუსიკოსმა თვითონ აირჩია თვითგანადგურების გზა, რასაც „მომავლის აპათია“ უწოდა, „ჯიმს არც წარსულის გახსენება უნდოდა, არც მომავლის სჯეროდა, არაფერს ნანობდა, თუმცა არც იმედი ჰქონდა არაფრის. ის მხოლოდ წამით, არსებული მომენტით ცხოვრობდა და ნარკოტიკებით ცდილობდა ყველაფრის, პირველ რიგში საკუთარი თავის დავიწყებას“.
* იდუმალებით მოცული სიკვდილი -
მორისონი საკმაოდ ადრე - 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით მუსიკოსი 1971 წლის 3 ივლისს დაიღუპა ჰეროინის ზედმეტი დოზით გამოწვეული გულის შეტევით, თუმცა უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ფონზე მორისონის სიკვდილი დღმდე იდუმალებითაა მოცული. მაგალითად, 2014 წელს მომღერალმა მარიანა ფეიტფულმა აღიარა, რომ შორეულ 1971 წელს მისმა ბოიფრენდმა შეგნებულად მიჰყიდა ჯიმს სხვადასხვა ნივთიერებებით დამძიმებული ჰეროინის დოზა, რადგან მისი მოკვლა სურდა, თუმცა რაში დასჭირდა ყველასთვის უცნობ ნარკოდილერს, ვინმე ჟან დე ბრეტეილს მუსიკოსის მოშორება, ფეიტფულმა აღარ დააზუსტა.
არსებობს მოსაზრება, თითქოს ჯიმმა ზედმეტად ბევრი იცოდა მამის - მსხვილი სამხედრო ჩინოვნიკის ჯორჯ მორისონის წყალობით და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებასაც გეგმავდა, თუმცა მსგავსი ვერსია შეთქმულების თეორიას უფრო ჰგავს, რადგან მორისონი არც მამასთან ურთიერთობდა, არც პოლიტიკით ინტერესდებოდა. აღსანიშნავია, რომ უფროსი მორისონი მართლაც ხელმძღვანელობდა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტს 1964 წელს, ტონოკინის ყურეში მომხდარი ინციდენტის დროს, რომელზეც ისტორიკოსები დღემდე დავობენ, თუმცა თავის დროზე ერთგვარ გამართლებად იქცა შეერთებული შტატებისთვის უფრო აქტიურად ჩაბმულიყო ვიეტნამის ომში.