საქართველოს ნაკრებისა და თბილისის საბურთალოს მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარს ზამთარში შეუერთდება, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გიორგი ვილი სანიოლმა მაროკოსთან გასამართი შეხვედრისთვის პირველად გამოიძახა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ხოლო ამ შეხვედრის შემდეგ დიდი ალბათობით გოჩოლეიშვილის ტრანსფერი გაოფიციალურდება.
21 წლის ფეხბურთელი თბილისის საბურთალოს აღზრდილია და ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ის ასევე სტაბილურად გამოდის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. მის მიმართ ინტერესს ესპანური ვალენსია და იტალიური იუვენტუსიც გამოთქვამდნენ, თუმცა, როგორც მისი აგენტი ირაკლი ლილუაშვილი ამბობს ოფიციალური შეთავაზება ამ გუნდების მხრიდან არ ყოფილა.
უკრაინული მედიის ცნობით გოჩოლეიშვილის ტრანსფერით ზაფხულში დნიპრო 1 ინტერესდებოდა, უკრაინული გუნდი შეთანხმებული იყო გუნდთან და ფეხბურთელთან, თუმცა ამ ყველაფერს ხელი ომმა შეუშალა, ახლა კი საქმეში შახტარია, რომელსაც ყველაფერი მოგვარებული აქვს და ტრანსფერის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება.
"დონეცკურ გუნდს მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ მხრივ კარგი გამოსავალია. შახტარს სჩვევია ასეთები. ვიღაც რაღაცას აღმოაჩენს, შემდეგ კი შახტარი ცდილობს ამით სარგებლობას," - წერს უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი.