Amazon-ი 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რაც კომპანიის ისტორიაში, ერთ ეტაპად თანამშრომლების გათავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას New York Times-ი აქვეყნებს.
ნიუიორკული გამოცემის ანონიმური წყაროს თანახმად, Amazon-ი თანამშრომლებს როგორც კორპორაციული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულების თანამდებობიდან დაითხოვს.გათავისუფლება ძირითადად კომპანიის საცალო გაყიდვებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებას და მოწყობილობების ორგანიზაციას შეეხება, რომელიც ბრენდის ცნობილ ხმოვან ასისტენტ Alexa-ს ავითარებს.
თუმცა Amazon-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც მიმდინარე წელს თანამშრომლების მასშტაბური შემცირებები დააანონსა. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების გადაწყვეტილება ინფლაციის შიშს უკავშირდება, რაც შესაძლოა, ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს.აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლების შემცირებას გეგმავს Disney-ც.