საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიჭიმება ელექტროკაბელი, რომლის შედეგადაც საქართველო ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. ელექტროკაბელთან ერთად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც აშენდება. კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ კაბელს უკავშირდება, არის შავი ზღვის გაციფრულება და ის საქართველოს დააკავშირებს ძირითად ევროპულ ქსელებთან. ევროკომისარის თქმით, შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე.
ცნობისთვის, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის ეკონომიკურ-ტექნიკურ დასაბუთების კვლევას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, პროექტის განმახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა. ამ დროისთვის უცნობია რა შეიძლება დაჯდეს ამ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე უცნობია რა მოცულობის ვალის აღებით დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროექტს.