საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი იტალიას დაუპირისპირდა და 84:85 დამარცხდა.
შეხვედრის დებიუტში სტუმრები ანგარიშით 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა ქართველებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი ანგარიშით 19:25 წავაგეთ.
მეორე პერიოდში მეტოქემ სამი ტექნიკური მიიღო, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი ანგარიშით 40:43 დავთმეთ.
საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ, შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში მოწინააღმდეგემ 8 ქულით გაგვასწრო.
სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.
მატჩის მესამე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა - ბერიშვილის ორი სამქულიანით 5 ქულით წინ გავედით, რასაც იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა, უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 მაკფადენმა, 11-11 ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 ანდრონიკაშვილმა, 2 კი ბექაურმა მიითვალეს.
სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს, რომელმაც გუშინ უკრაინასთან შეხვედრა ანგარიშით 72:79 დათმო და მესამე ადგილით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.