საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა.