პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტს დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს. ამასთან, მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერთ მილიონჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, ასევე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნები მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.