2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მილიონ 700 ათასი ლარით, ანუ 9.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეკლამო შემოსავლების კლება სავარაუდოდ აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა.
კომისიის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
კომისიის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში ჯამურად, მხოლოდ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 69.3% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 17.3% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი.