ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი პაუზის შემდეგ ჩელენჯერის სერიის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
30 წლის ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ რუანში დაწყებულ შეჯიბრში მე-5 განთესვით ჩაება და კვალიფიკაციიდან გამოსული ფრანგი ანტუან ჰოანგს 3-სეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა.
პირველ სეტში ბასილაშვილი ანგარიშით 2:5 ჩამორჩა და მეტოქეს სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7:5 იმარჯვა.
მეორე სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა ანგარიშით 2:0, რის შემდეგაც ზედიზედ 3 გეიმი ნულზე წააგო და 4:6 დამარცხდა.
მე-3 სეტში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და მან დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2 მოიგო.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ფრანგი მატიას ბურჟეა, რომელმაც პირველ წრეში ყაზახ დენის იევსეევს სძლია. 28 წლის ბურჟე მსოფლიოს რეიტინგის 361-ე ნომერია და ბასილაშვილს მის წინააღმდეგ აქამდე არ უთამაშია.
ყაზახთან გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში ბასილაშვილი უგო გასტონსა და ვალენტინ როიეს წყვილში მოგებულს შეხვდება.
ცნობისთვის, ფრანგული ჩელენჯერის გამარჯვებული 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს.