1949 წლის 3 ნოემბერს მისი უდიდებულესობა ანა ვინტური დაიბადა და უკვე 73-ე წელია, გარეგნული იმიჯით გვხიბლავს. მას მსოფლიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმაღლესი ადგილი უკავია – ის ამერიკული Vogue-ის სათავეშია 1988 წლიდან. იმ დროიდან მოყოლებული, რომელ წვეულებაზეც არ უნდა გამოჩენილიყო, მუდამ ყურადღებას იქცევდა.
ქალი, რომლის მთავარი ვიზუალური სავიზიტო ბარათი მოკლედ შეჭრილი მკაცრი კარე და შავი სათვალეებია, მთელი მსოფლიოს მოდის ინდუსტრიის მთავარ ტენდენციებსა და უამრავი ნიჭიერი ადამიანის ბედს სწორედ მოდის ბიბლიად აღიარებული ჟურნალის მეშვეობით მართავს. ხასიათიდან გამომდინარე ანა ცნობილია როგორც „ატომური ვინტური".
ანა იყო ის ადამიანი, რომელმაც ბოლო მოუღო სუპერმოდელების დაუსრულებელ ერას და ჟურნალის ყდა მოდელებთან ერთად სხვა ცნობილ პირებსაც დაუთმო. სწორედ მას ეკუთვნის გაბედული ნაბიჯი, ფოტოსესიების დროს მოდელებზე დაბალფასიანი და ძვირადღირებული სამოსის მიქსი გამოეყენებინათ. ჟურნალში მისი მისვლის სადებიუტო ნომერში, 1988 წელს, ჟურნალის გარეკანზე გამოყვანილია 19 წლის ებრაელი მოდელი, რომელსაც 50-დოლარიანი ჯინსი და 10 000-დოლარიანი თვლებით მოოჭვილი მაისური ამშვენებს.
გავიხსენოთ მისი სტილი იმ წლებში, რომლის ესთეტიკაც დღეს კვლავ მეორდება მოდაში. ანა ვინტურის სადღესასწაულო გარდერობში ადგილს მბრწყინავი ნივთები იკავებდნენ – დელიკატური გრძელი აბრეშუმის კაბები და მოკლე, კრისტალებით მორთული სამოსი.
ანა ზოგჯერ ყვითელ ქურთუკს ატარებდა შავ, Skinny შარვალთან ერთად, ვერცხლისფერ კაბას კი უმატებდა მინიატურული ფორმის ამავე ელფერის ჩანთას. ხანდახან ანას ბეზრდებოდა ბრწყინვალება და თავშეკავებულ ფერებსა და ქსოვილებზე ორიენტირდებოდა. ამ ვინტაჟური ფოტოებით შთაგონების მიღება ნამდვილად შეიძლება.