უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.
“ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნიშნა შმიგალმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თბოელექტროსადგურებისა და თბოელექტროცენტრალების საწყობებში ქვანახშირის 1.5 მილიონი ტონა ინახება, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე საჭირო გარანტირებული მარაგი.
“ამიტომ რესურსები საკმარისად გვაქვს დაგროვებული და საკვანძო გამოწვევად სწორედ რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამიზნული დაზიანებები რჩება”, - დასძინა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.