ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 28.6%-ით გაიზარდა. ISET-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება, როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში გაიზარდა და ექვს ლარსა და 18 თეთრიდან და შვიდ ლარსა და 49 თეთრს შორის მერყეობდა.საშუალო ღირებულებამ კი 6 ლარი და 57 თეთრი შეადგინა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 2.6%-ით, ხოლო გასული წლის ოქტომბრის ღირებულებას კი 28.6%-ით აღემატება. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტების ყველისა და რძის ფასების კიდევ უფრო ზრდას ელიან. მათი პროგნოზით, შესაძლოა, გაიზარდოს ხორბლის ფასიც, რადგან რუსეთმა ხორბლის ექსპორტის გადასახადი კვლავ გაზარდა.
კვლევაში ნათქვამია, რომ წლიურ ჭრილში ხაჭაპურის მომზადების ფასი საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა, თუმცა ამ თვალსაზრისიღ რეკორდსმენი ქუთაისია, 37.2%-იანი ზრდით.
რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, იმერული ხაჭაპურის ფასების ყველაზე დიდი ზრდა (9.4%) კახეთში, კონკრეტულად კი თელავში დაფიქსირდა, რაც რთველთან და ტურისტების მოჭარბებასთან შესაძლოა იყოს კავშირში.