საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ტურში გამარჯვება იზეიმა, თუმცა, ამ წარმატებას შემდეგ ეტაპზე გასვლის კუთხით მნიშვნელობა აღარ ჰქონია.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ლიეტუვას დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა. მატჩის ბოლოსკენ (83-ე და 89-ე წუთები) დუბლი შეცვლაზე შესულმა თეიმურაზ ოდიკაძემ შეასრულა, მანამდე კი (32-ე), თავი ავთანდილ მაშავამ გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრებმა მე-3 ჯგუფში 3 ქულა მოაგროვა და სწორედ ლიეტუვას გაუსწრო. პირველ-მეორე ადგილები და შესაბამისად, ელიტ-რაუნდის საგზურები ინგლისმა (7 ქულა) და ისრაელმა (5) მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ U17 საქართველო ტურნირის სასტარტო მატჩებში უშანსოდ დამარცხდა: ისრაელთან – 1:3, ხოლო ინგლისთან – 2:6. ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი 12 მაისიდან 4 ივნისამდე უნგრეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.