საქართველო 2025 წლიდან უანგარო დონორობის პრინციპზე გადასვლას გეგმავს. კანონპროექტი, რომელიც 7 თავისა და 46 მუხლისგან შედგება, არეგულირებს სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ყურადღება ეთმობა როგორც დონორის, ისე მიმღების უფლებებს.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰემოზედამხედველობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად ახალი მექანიზმია და რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვა-მონიტორინგი და ზოგადად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების მონიტორინგი.
რეფორმა კომპლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება, 2025 წლის 1 ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება.