ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში დასვენებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა "დიეგო არმანდო მარადონაზე" ბენეფისი მოიწყვეს. ხვიჩამ სასუოლოსთან მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ვიქტორმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ნაპოლიმ კი მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და წარმატებული სერია, რომელიც კლუბის არსებობის ისტორიაში რეკორდულია, 13-მდე გაზარდა.
სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩვეულად, მაღალ ტემპში დაიწყო, ვიქტორ ოსიმენმა კი ხვიჩას პასებით დუბლი საწყის 19 წუთში შეასრულა. პირველ ჯერზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა და ბურთი სანამ ნიგერიელთან აღმოჩნდებოდა, თავით ჯერ ხვიჩა შეეხო. მეორე გოლის მომენტში 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სტუმართა გერმანელი მცველი იერემი ტოლიანი გზიდან მარტივად ჩამოიშორა და კარის წინ მყოფ ვიქტორს დაუგორა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.სერია A-ში თავისი მორიგი (მეექვსე) გოლი კვარაცხელიამ მარიუ რუის მაღალი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა - ბურთი ოსტატურად ჩამოიღო, წინ წაიწია და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა.
დარჩენილ დროში ვიქტორ ოსიმენმა მესამედაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, სტუმრები კი მატჩის მიწურულს სულაც კაცნაკლულები დარჩნენ - არბიტრმა სასუოლოს შემტევი არმან ლორენტე გააძევა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის 12 მატჩში 32 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე 26 ქულით მილანია, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სერია A-ს მომდევნო ტურში ნაპოლი ატალანტას სტუმრობს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრას სტუმრად "ენფილდზე" ლივერპულთან გამართავს.