მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. აფეთქების შედეგად, მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე და თავზე. კლინიკაში მიყვანისას მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა 27 ოქტომბერს, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.