გიორგი მამარდაშვილს, „იუვენტუსი“ და სხვა ევროპული გრანდები აკვირდებიან, – ამის შესახებ „კალჩომერკატოსთან“ ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა, ლევან სეთურიძემ განაცხადა.
გავლენიანი გამოცემის ცნობით, „სევილიას“ და „ვალენსიას“ შორის გამართულ ბოლო შეხვედრას „იუვენტუსის“ წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ისინი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, მაგრამ იტალიური კლუბის ყურადღება ერთმა მიიპყრო – „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. 2000 წელს დაბადებულმა ქართველმა რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. მათ შორისაა „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „აიაქსი“, ასევე პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი. გასულ სექტემბერში მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა. ესპანელების დაყოლიება არ იქნება ადვილი საქმე და 50 მილიონ ევრომდე დასჭირდება. იტალიაში ქართველომანიამ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას სანახაობრივი თამაშის წყალობით იფეთქა და კვარას ეფექტის გამო, ქართველი მეკარის კანდიდატურა ახლა უფრო დიდ „ხმაურს” იწვევს“, – წერს „კალჩომერკატო“.
როგორც ფეხბურთელის აგენტმა, ლევან სეთურიძემ კალჩომერკატოსთან საუბრისას განაცხადა, გიორგი მამარდაშვილი აღფრთოვანებულია სეზონის კარგი დასაწყისით და კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებით.
როგორც მან ასევე აღნიშნა, ღამურების თავკაცს, ჯენარო გატუზოს მამარდაშვილის ძალიან სჯერა და ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. მამარდაშვილის აგენტის თქმით, 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის ის „ვალენსიას“ პირველი მეკარეა.