მართალია, ხანმოკლე, მაგრამ საოცრად შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე მოუქანცავმა ბუნტისთავმა ჯენის ჯოპლინმა მხოლოდ ოთხი ალბომი ჩაწერა, თუმცა როკ’ნ’როლის დედოფლის და ბლუზის საუკეთესო თეთრკანიანი შემსრულებლის ტიტული მაინც დაიმსახურა.
ჯენის ჯოპლინი ტექსასის შტატის პატარა ქალაქ პორტ-არტურში გაიზარდა. საშუალო სკოლაში სწავლისას ჯენისს ხშირად დასცინოდნენ და ამცირებდნენ თანატოლები, თუმცა არც ის იხევდა არასდროს უკან და ყოველთვის გამომწვევი ქცევით უბრუნებდა პასუხს. გამოსაშვებ კლასში ჯოპლინმა წითურად შეიღება თმა და ადგილობრივ ბარებში დაიწყო გამოსვლა, სადაც ბლუზის ცნობილი კომპოზიციების შესრულებით გაითქვა სახელი.
მართალია, ჯოპლინს არც მუსიკალური განათლება მიუღია, არც ნოტების კითხვა უსწავლია, მაგრამ მაინც ფენომენალური სმენა და მუსიკალური მეხსიერება ჰქონდა, სპეციფიური ხრინწიანი ხმა კი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების წყალობით შეიძინა, რადგან როგორც თავად იხსენებდა, ბავშვობაში, როცა საეკლესიო გუნდში მღეროდა, „საოცრად ლამაზი სოპრანო“ ჰქონდა, რომელიც დედისგან მიიღო მემკვიდრეობით.
სხვათა შორის, ვისკის Southern Comfort-ის გაყიდვა სწორედ ჯოპლინის დამსახურებით გაიზარდა, რომელმაც ალკოჰოლური სასმელი საკუთარი იმიჯის ნაწილად იქცა. მუსიკოსის წყალობით გამდიდრდნენ ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიის მესვეურებიც, რომელთაც მადლიერების გამოსახატად ჯენისს ფოცხვერის ბეწვის ქურქი უსახსოვრეს.
სადებიუტო კომპოზიცია What Good Can Drinkin 'Do, ჯენისმა 1962 წელს ჩაწერა მეგობრის სახლში მოწყობილ წვეულებაზე, პირველად პუბლიკის წინაშე კი, 1967 წელს წარსდგა
საკუთარ ბენდთან Big Brother and the Holding Company-სთან ერთად მონტერეის ცნობილ ფესტივალზე. მუსიკოსმა მეტად უჩვეულოდ აღნიშნა დებიუტი, რადგან ჯერ ქუჩის ჩხუბში ჩაება, მერე მოტოციკლეტით მოყვა ავარიაში, ბოლოს კი, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა წვრილმანი ქურდობისთვის.
ფენომენალური სეტის შემდეგ, ფესტივალის ორგანიზატორებმა ბენდს კიდევ ერთი კონცერტის მოწყობა შესთავაზეს, თუმცა მხოლოდ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის სანაცვლოდ. მართალია, დრამერს დეივ გეტცის დონ პენებეიკერის ფილმი ზედმეტად პათოსურად და ხელოვნურად მოეჩვენა, რადგან აბსოლუტურად არ ერგებოდა ჰიპების სუბ-კულტურას, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაჰყვა ჯგუფის წევრების ნებას და ფილმში მონაწილეობას დათანხმდა. სხვათა შორის, სწორედ დოკუმენტური ფილმი Monterey Pop იქცა ფესტივალის ერთადერთ ვიზუალურ დოკუმენტად, ჯოპლინმა კი, პრესის ყურადღება დაიმსახურა და ჯერ სან-ფრანცისკოს წამყვან რადიოში მიიღო მიწვევა, მერე ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან Columbia Records-თან გააფორმა კონტრაქტი.
1970 წლის პირველ ოქტომბერს უკანასკნელ სტუდიურ სესიაზე ჯენისმა კომპოზიცია Mercedes Benz ჩაწერა, რომელიც ერთის მხრივ, ამერიკული მერკანტილიზმსა და მომხმარებლური ცხოვრების წესის კრიტიკად, მეორეს მხრივ, მუსიკოსის სავიზიტო ბარათად იქცა. თუმცა, სინამდვილეში ჯოპლინს არასდროს ჰყოლია მერსედესი.
1965 წელს პირველი ჰონორარით ჯოპლინმა პორშე-კაბრიოლეტი შეიძინა, რომელიც მისმა მენეჯერმა დეივ რიჩარდსმა მოხატა ფსიქოდელიურ სტილში და საკუთარ ნამუშევარს „სამყაროს ისტორია“ უწოდა. ჯენისს ძალიან მოეწონა შელამაზებული ავტომობილი და ხშირად პოზირებდა რეპორტიორებისთვის მის ფონზე. 1970-იანი წლების ბოლოს პორშე კლივლენდში, როკ’ნ’როლის დიდების დარბაზის ექსპონატად იქცა, 2015 წელს კი, 1,76 მილიონ დოლარად გაიყიდა აუქციონზე.
1968 წელს, ბენდის დაშლის შემდეგ, ჯენისმა პირველი სოლო ალბომი I Got Dem Ol’ Kozmic Blues Again Mama! ჩაწერა, რომელშიც ჯგუფის Bee Gees კომპოზიციაც To Love Somebody მოხვდა. მართალია, ერთი შეხედვით ძალიან უცნაურად გამოიყურება მსგავსი თანამშრომლობა, მაგრამ 1960-იან წლებში ძმები გიბები როკ-მუსიკით იყვნენ გატაცებული და მხოლოდ 1977 წელს, ფილმის „შაბათის საღამოს ციებ-ცხელების“ საუნდთრეკის ჩაწერის შემდეგ შეიძინეს „დისკოს მეფეების“ წოდება.
მეგობრებმა ჯენისს Pearl ანუ „მარგალიტი“ შეარქვეს. ზუსტად ასე ერქვა ბოლო ალბომსაც, რომელიც მუსიკოსის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ გამოვიდა. უკანასკნელი სიმღერისთვის Buried Alive In The Blues ჯოპლინმა ვერ მოასწრო ვოკალური პარტიის ჩაწერა, ამიტომ ალბომში ინსტრუმენტალურ თრეკად შევიდა, კომპოზიცია Me & Bobby McGee კი, რომელიც კრის კრისტოფერსონთან ერთად შექმნა, 1971 წელს, ჯოპლინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მოხვდა Billboard-ის საუკეთესო ასეულში და ლიდერის პოზიციაც მოიპოვა.
სხვათა შორის, Me & Bobby McGee, რომელიც ჯოპლინმა წინასწარი მომზადების გარეშე ერთი ამოსუნთქვით ჩაწერა, რედაქტირების გარეშე გამოიცა, ამიტომ ფირფიტაზე სტუდიური საუბრებიც მოხვდა, რამაც კომპოზიციას საოცარი ავთენტურობა შესძინა. ბოლო ალბომში შევიდა დეილ ევანსის კოვბოური მელოდიაც Happy Trails, რომელიც ჯოპლინმა 1970 წლის პირველ ოქტომბერს ჩაწერა, Happy Birthday, John უწოდა და ჯონ ლენონს მიუძღვნა. თუმცა, მილოცვა ლენონმა დაგვიანებით, მხოლოდ ჯოპლინის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლეში ჯოპლინს მხოლოდ ერთი ჰიტი Piece of My Heart ჰქონდა. კომპოზიცია, რომელიც მუსიკოსმა 1968 წელს ჩაწერა ბენდთან ერთად, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა Billboard-ის ჩარტში და ალბომს Cheap Thrills-ს დაეხმარა პოპულარობის მოპოვებაში.
ჯენის ჯოპლინი 1970 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით. 27 წლის ასაკში დაღუპული ჯოპლინი 27-იანელთა ცნობილი კლუბის ერთ-ერთი პირველი წევრი გახდა. სამწუხაროდ, 27 წელი ერთგვარ საკრალურ ასაკად იქცა გენიალური მუსიკოსებისთვის, რადგან ერთი თვით ადრე 18 სექტემბერს ჯიმი ჰენდრიქსი გარდაიცვალა, 1971 წლის 3 ივლისს გულის უკმარისობით ჯიმ მორისონი დაიღუპა, 1994 წლის 5 აპრილს კურტ კობეინმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, 2011 წლის 23 ივლისს კი, ემი ვაინჰაუსი გარდაიცვალა ალკოჰოლური ინტოქსიკაციით.