ილონ მასკის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამშვიდობო გეგმის იდეას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ინვესტორი ბილ ეკმანი ავრცელებს. ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მთავრობამ ყირიმის რეგიონი რუსეთს უნდა დაუთმოს, რადგან ისტორიულად ის სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას წარმოადგენდა, შესაბამისად, რეგიონის დათმობა დანაკარგად ან დამარცხებად არ უნდა იყოს მიჩნეული.
"კონფლიქტის გაგრძელების ყოველი დღე სულ უფრო მეტად ზრდის რისკებს მსოფლიოსათვის. ხანგრძლივი და საშიში ომის გაგრძელების ფონზე, რომელშიც სხვა ქვეყნებიც შეიძლება იქნენ ჩართულნი, მშვიდობის მიღწევის სხვა გზას ვერ ვხედავ. ალტერნატივებს, თქვენს შეფასებებსა და კრიტიკას სიამოვნებით მივიღებ“, – წერს ბილ ეკმანი.