1-ლი მარტიდან ფინანსური ორგანიზაციებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება, შესაბამისად საინტერესოა რა იცვლება მსესხებლისთვის? ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით, ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა ახალი მოთხოვნები შეიმუშავა. ამ მოთხოვნების მთავარი მიზანია კომბინირებულად გაყიდვადი საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და ბაზარზე კონკურენციის წახალისება.
პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე.
ცვლილებების მთავარი პრინციპია, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების ფარგლებში საფინანსო პროდუქტის ფასის შესახებ, ისე საფინანსო პროდუქტის, როგორც დამოუკიდებელ პროდუქტად სარეალიზაციო ფასების შესახებ.
ამ ცვლილებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული პროდუქტის შედარება მოახდინოს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
პროექტის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების შესრულება სუბიექტებისთვის 2023 წლის 1-ლი მარტიდან იქნება სავალდებულო.