ისრაელის ლიგათ ჰაალის მე-8 ტურში ლევან კუტალიამ გოლი გაიტანა, რომელიც ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის ჩოგბურთელის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
ნეს ციონა ჰაპოელ ბეერ შევას ესტუმრა და სეზონში სტუმრად პირველი ქულა მოიპოვა - 1:1. ლევანმა ანგარიში მე-20 წუთზე პენალტით გახსნა, რომლის დარტყმის უფლება თავადვე მოიპოვა. თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმში ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა. 33 წლის თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა და მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა.
ნეს ციონას 8 ტურში 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი ჰაიფას ჰაპოელთან 22 ოქტომბერს ჩაატარებს.