ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კომპანია "ელემსის" ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დასრულდა.
მათი ადვოკატი ზაზა ნაჭყებიას ინფორმაციით, მათი მხრიდან გამომძიებლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და დაწვრილებითი პასუხი გაეცა, გარდა ამისა სრული პასუხიმსგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ "ელემსის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ყველაზე მაღალ სტანდარტებს პასუხობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ მომხდარა მათი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და პროექტის კორექტირება, რაზეც მერიას მათთვის არც ერთხელ მიუმართავს.
ცნობისთვის, კომპანია "ელემსიმ" ვაკის პარკის შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც შემდეგ "გრინსერვის პლიუსმა" განახორციელა.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.