იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ბოლონია მიიღო, მეტოქე ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (3:2), ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი გარემარბი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მორიგი გამორჩეული, მისთვის კი უკვე ჩვეული შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტაიმში ხვიჩამ სამი ძალიან კარგი პასი გააკეთა: ჯერ რასპადორის უნდა გაეტანა, შემდეგ - მარიო რუის და ბოლოს მატეო პოლიტანოს, თუმცა ქართველის მაგარი გადაცემები პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს.
ანგარიში კი ბოლონიამ გახსნა - ლამაზი კომბინაცია გოლით ზირკზეემ 41-ე წუთზე დაასრულა. 4 წუთში კი ნაპოლიმ გაათანაბრა: კვარაცხელიას დარტყმას კუთხური მოჰყვა, რომელიც ჟელინსკიმ ჩააწოდა, ჟუან ჟეზუსმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი სკორუპსკის კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი ნეაპოლელთა აქტიურობით დაიწყო - ხვიჩამ გვერდი ორ მეტოქეს აუარა და კარგად დაარტყა, თუმცა პოლონელმა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი შეცვლაზე შემოსულმა ირვინ ლოსანომ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ნაპოლის უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელდა - მუსა ბაროუმ შორიდან დაარტყა, მერეტს ბურთი ხელქვეშ გაუძვრა და ანგარიში შეხვედრაში მეორედ გათანაბრდა.
69-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენი მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა, ნიგერიელმა საკუთარი შანსი გამოიყენა და მასპინძლები წინ მეორედ გაიყვანა. ქართველმა გამორჩეულად კიდევ ერთხელ 79-ე წუთზე იმოქმედა, როცა ჟელინსკის ძალიან კარგი პასი გაუკეთა, თუმცა პოლონელი ნახევარმცველის დარტყმა ბოლონიას კარის ხარიხას მოხვდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში მესამე საგოლე პასი გააკეთა. ამას გარდა, ქართველს 5 გოლი აქვს გატანილი და საკუთარი გუნდისთვის 3 პენალტიც მოიპოვა. ნაპოლიმ 26 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა