NASA-ს განცხადებით, ასტეროიდ „დიმორფის“ ორბიტა ზონდ DART-თან შეჯახების შემდეგ შეიცვალა, როგორც ამას მისია ითვალისწინებდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შეჯახების შემდეგ „დიმორფის“ უფრო მსხვილი ასტეროიდის - „დიდიმის“ გარშემო ორბიტალური ბრუნვის დრო 32 წუთით შემცირდა - 11 საათსა და 55 წუთიდან 11 საათსა და 23 წუთამდე. ამასთან, შეიცვალა ორი ასტეროიდის განლაგება ერთმანეთის მიმართ.
ახლა „დიმორფი“ და „დიდიმი“ დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე არიან და ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს ნებისმიერ შემთხვევაში არ წარმოადგენენ.
NASA-ს ზონდი Dart-ი (Double Asteroid Redirection Test) ასტეროიდ „დიმორფს“ 27 სექტემბერს შეეჯახა. ეს ისტორიაში პირველი მისიაა, რომლის მიზანიც ციური სხეულის ტრაექტორიის შეცვლა იყო. სპეციალისები აღნიშნავენ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შეჯახება მათ დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისთვის ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმის ტესტირება იყო.