ალასკის ეროვნულმა პარკმა და ნაკრძალმა „კატმაი“ ტრადიციული კონკურსი „მსუქანი დათვების კვირა“ ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც დათვი 747 გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალში ბინადარი 12 დათვი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი ვებგვერდზე explore.org ხმის მიცემის გზით გამოვლინდა.
747-მა კონკურსში უკვე მეორედ გამარჯვა. პირველად მან ტიტული 2020 წელს მოიპოვა. სპეციალისტების თქმით, ის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მურა დათვია და დაახლოებით 635 კილოგრამს იწონის.