უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში 30-ზე მეტი დასახლება ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსული იერიშების სამიზნე იყო.
გენშტაბის უახლეს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დარტყმები რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო ტერიტორიებზე განხორციელდა.
უკრაინული მხარის თქმით, განსაკუთრებით სამიზნე იყო დედაქალაქ კიევის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორია, ისევე როგორც დონეცკი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ხერსონი.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა... რუსეთი თავს ესხმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებამ დასძინა, რომ „მთელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ“, რუსეთი უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას აგრძელებდა.