აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი. ოსტინის თქმით, მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასაცავად.
უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, სარაკეტო სისტემებსა და იარაღს საფრანგეთიც, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის "დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას" მოჰყვა. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაერთიანებული სამეფოც გადასცემს.