გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 35 ტურნიკეტს შეიძენს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ განთავსდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ განუცხადა.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყება ე.წ. ტურნიკეტების მონტაჟი, როგორც თამაზ რობაქიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტი კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.