სოციალურ ქსელებში აქტიურობა და სხვების შესახებ საჯაროდ საუბარი კანიე ვესტისთვის უცხო ნამდვილად არაა. ცოტა ხნის წინ კანიემ ინსტაგრამზე ბალენსიაგას გუნდის წევრებზეც ისაუბრა. რეპერმა პოსტები უკვე წაშალა.
კანიე იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბალენსიაგას გუნდის რამდენიმე წევრმა ბრენდ Supreme-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თრემეინ ემორის პოსტი მოიწონეს, რომელიც ემორისა და კანიეს შორის არსებულს დაძაბულობას ეხებოდა. "შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ კომპლექსებიანი ნარცისი ხარ, რომელსაც მოდის სამყაროსგან ვალიდაცია სჭირდება", — ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.
"ეს ბალენსიაგას გუნდის წევრები არიან, რომლებმაც თრემეინის პოსტი მოიწონეს, რომელშიც ის დამემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბალენსიაგასთვის ამდენი რამ გავაკეთე. მიყვარს, როცა ადამიანები გვიჩვენებენ, სინამდვილეში ვინ არიან და რას გრძნობენ. ახლა აღარაა საჭირო, ერთმანეთის მიმართ ყალბები ვიყოთ. თქვენ ყველას გძულთ ჩემი და დემნას ურთიერთობა. დემნა ახლა ყველაზე რელევანტური დიზაინერია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის იყენებს კიმს — პლანეტაზე ყველაზე რელევანტურ არტისტს", — დაწერა კანიემ.
აღსანიშნავია, რომ მოდის შესახებ ქართულმა ონლაინგამოცემა Fashionholics Online-ის მიხედვით, ამის შემდეგ დემნამ და დემნას ქმარმა, ლოიკ გომესმა, კანიეს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმეს.
ბოლო პერიოდში კანიე ვესტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან საკუთარ ჩვენებაზე მაისური წარწერით "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ეცვა.
კანიე ვესტს ინსტაგრამი დაუბლოკეს, რადგან მომღერალმა სოციალური ქსელის წესები ისევ დაარღვია. Meta-ს წარმომადგენლის განცხადებით, ინსტაგრამმა კანიე ვესტის პოსტი უკვე წაშალა და მომღერალს სოციალური ქსელით სარგებლობაც შეეზღუდა.
კანიე ვესტის ინსტაგრამის დაბლოკვის მიზეზი ამჯერად ანტისემიტური პოსტი გახდა. კანიემ რეპერ შონ კობსთან მიმოწერის "სქრინშოტი" გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეპერს ებრაელები აკონტროლებენ. "იესო ებრაელია", — ასეთი აღწერა ჰქონდა პოსტს, რომელიც ინსტაგრამმა უკვე წაშალა.