პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი, არამედ ჩვენი მარცხიც იქნება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ გაიმარჯვოს ბრძოლაში, ომში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც მასში შეიჭრნენ. ვინაიდან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის დიდი მარცხი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის სახიფათო მარცხი იქნება, რადგან ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი - უფრო დაუცველს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან”, - დასძინა სტოლტენბერგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე, “მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა საკვანძო როლს თამაშობს”, ამიტომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ალიანსის თავდაცვის მინისტრების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ და ზეგ დაგეგმილ შეხვედრებზე.