საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო კმაყოფილება გამოთქვა, რომელიც საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვა.
ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. შეხვედრაზე განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა აღინიშნა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო და პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით მომავალშიც აქტიურად წარიმართება.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული გამოწვევები და დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობა განიხილეს. მინისტრმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
მან შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის მადლობა გადაუხადა.
შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები აღნიშნა. მან განსაკუთრებული კმაყოფილება საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით გამოთქვა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.